RSS

ძალა ერთობაშია...

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბულინგის პრობლემები გასცდა სკოლის ეზოებსა და ქუჩის კუთხეებს. კიბერბულინგი შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სახლშიც კი, ელექტრონული ფოსტის, ტექსტური შეტყობინებების, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი, ასობით ადამიანის ერთდროული მონაწილეობით. კიბერბულინგს ზოგჯერ  უფრო მძიმე შედეგი აქვს, ვიდრე ბულინგს. კიბერბულინგის მსხვერპლი ხშირად რჩება შერცხვენილი, დამცირებული, გაბრაზებული, დეპრესიული და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობს

მეთოდები, რომელთაც ბავშვები და მოზარდები კიბერბულინგისთვის იყენებენ, ისეთივე განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორც მათთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები.

ტრადიციული ბულინგის მსგავსად, კიბერბულინგში ბიჭებიც და გოგოებიც თანაბრად მონაწილეობენ, მაგრამ ზოგადად განსხვავებულ ხერხებს იყენებენ. ბიჭები მეტწილად სექსუალური ხასიათის ან ფიზიკური ზიანის მუქარის მესიჯებს აგზავნიან. გოგოები კი ძირითადად ავრცელებენ ჭორებს და მცდარ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, ამჟღავნებენ საიდუმლოს, მსხვერპლს რიცხავენ გარკვეული წრიდან ან ელექტრონული კომუნიკაციის ჯგუფიდან. რადგან კიბერბულინგი ძალიან სწრაფად მოქმედებს, ბავშვი ან მოზარდი იოლად იცვლის როლს, შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლიდან ერთ წუთში გადაიქცეს აგრესორად და შემდეგ ისევ მსხვერპლად.

ნებისმიერი სახის ბულინგი მსხვერპლს თავს უმწეოდ, იზოლირებულად აგრძნობინებს. ხშირად კიბერბულინგი შეიძლება უფრო მტკივნეულიც იყოს, ვიდრე უბრალოდ ბულინგი, რადგან:

კიბერბულინგი შეიძლება მოხდეს ყველგან, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მოზარდი ჩვეულებრივ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგალითად სახლში, და ყველაზე მოულოდნელ დროსაც კი, ვთქვათ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენებისას. მსხვერპლს ამ დროს ეჩვენება, რომ არ არსებობს რაიმე გზა ამ დამცირებისა და შეურაცხყოფისგან თავდასაღწევად.

ხშირად კიბერბულინგი ანონიმურად ხდება, ამგვარად მსხვერპლმა არ იცის, ვისი სამიზნეა. ეს მსხვერპლს უფრო აშინებს, აგრესორს კი აძლიერებს, რადგან ონლაინანონიმურობის გამო მისი გამოვლენის ალბათობა მცირეა. რადგან აგრესორი ვერ ხედავს მსხვერპლის რეაქციას, ის ხშირად იმაზე მეტად ამცირებს მსხვერპლს, ვიდრე პირისპირ.

კიბერბულინგს შესაძლოა ათასობით ადამიანი შეესწროს ინტერნეტში. იმეილი შეიძლება დაეგზავნოს ასობით ადამიანს, ხოლო სოციალური მედიის პოსტები და კომენტარები ხშირად ყველასთვის ხელმისაწვდომია. რაც უფრო მეტი მოწმე ჰყავს კიბერბულინგს, მით უფრო მეტ დამცირებას განიცდის მსხვერპლი.



სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია  ვცნობდეთ კიბერბულინგის ნიშნებს და  ყველა ერთად ვებრძოლოთ მის გამომწვევ მიზეზებს.