RSS

როგორ ვებრძოლოთ კიბერბულინგს


მშობლის როლი. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ინტერნეტის მოხმარების აკრძალვა ან მკაცრი კონტროლი გამოსავალი და კიბერბულინგის პრევენციის საშუალებაა. რეალურად შეუძლებელია და არამართებულიცაა, თანამედროვე მოზარდს ინტერნეტით სარგებლობა აუკრძალო, ან 24 საათის განმავლობაში აკონტროლო. საუკეთესო გამოსავალი ამ მხრივაც მშობლისა და შვილს შორის გახსნილი ურთიერთობა და ნდობის ატმოსფეროა. მშობელი ყველაზე უკეთესად გაუგებს შვილს, თუკი იგი მისი პრობლემების, მათ შორის ონლაინ ურთიერთობების შესახებ მოუყვება. მშობელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მაქსიმალურად გამონახოს დრო შვილთან ურთიერთობისთვის, მოუსმინოს მას და უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინოს. მოზარდს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მშობელი მას დაეხმარება და სიტუაციას არ დაამძიმებს. თუკი მოზარდის მიმართ უკვე ფიზიკური ზიანის საფრთხე იკვეთება, მშობელი, შვილთან შეთანხმებით, პოლიციას ატყობინებს და დაცვის შესაბამის ზომებს ითხოვს. 

როცა მშობელი/სკოლა აღმოაჩენს, რომ მოზარდი თავად ახორციელებს კიბერბულინგს, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი სოციოპათი ან მოძალადე კი არ არის, არამედ ზოგ ბავშვს თანაგრძნობის უნარი აკლია და შეცდომებს უშვებს. პირველ რიგში, კიბერბულინგის განმახორციელებელს მშობელმა, მასწავლებელმა, მეგობარმა უნდა მიუთითოს, რომ ონლაინ სივრცეშიც ზუსტად ისეთივე ტკივილი და ზიანი შეიძლება მიაყენოს სხვა ადამიანს, როგორც რეალურ ცხოვრებაში და მას ისევე მოუწევს შედეგებზე პასუხისგება, როგორც ეს ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენებისას ხდება.

სკოლის როლი. ყველა ფორმის ბულინგის, მათ შორის კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება მთლიანად განათლების სისტემის და რა თქმა უნდა სკოლის პასუხისმგებლობაა.  სკოლამ მკაცრად უნდა დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესი და პირობები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ნომერი 06/ნ

2019 წლის იანვარი, თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ 

თავი III. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები

მუხლი 27. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა

1. ნებისმიერი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენის ფაქტის ცოდნის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას.

2. თუ მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგი ან კიბერბულინგი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-.

3. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებული არიან დაადგინოს ბულინგის/კიბერბულინგის მიზეზები, გაესაუბროს ყველა ჩართულ მხარეს, დაადგინოს წინააღმდეგობები მონაყოლებს შორის და შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.

4. დაუშვებელია ბულინგის/კიბერბულინგის ფაქტის იგნორირება. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია უზრუნველყოს კონფლიქტის მოგვარების დროს სიტუაციის მიუკერძოებლად შეფასება და უზრუნველყონ მხარეებს შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.

5. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია დააკვირდეს როგორც ბულინგის/კიბერბულინგის გამტარებელს, ასევე მოსწავლეს, რომლის მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.

6. უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ბულინგის/კიბერბულინგის გამტარებელი მოსწავლისა და იმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.

7. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული ბულინგის ხარისხის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის/მობილური ჯგუფის გამოძახება, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

8. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამისამართებს მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).


 სკოლას უნდა ჰქონდეს ბულინგის მიმართ კანონმდებლობაზე დაფუძნებული და გამოკვეთილი  მკაცრი პოლიტიკა, რომლის განხორციელებაში სკოლის უფროსკლასელთა ჩართვა აქტიურად უნდა მოხდეს. როდესაც სკოლას ბულინგის მიმართ ექნება მკაცრი მიდგომა, თითოეულ მოსწავლეს ეცოდინება, რომ მორალური პასუხისმგებლობის გარდა, კიბერბულინგის განხორციელების გამო, მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.კიბერბულინგთან ბრძოლის შემადგენელია სკოლებში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების სწავლება. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების აქტივობები, როგორიცაა კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოსტერების დახატვა, ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა და გავრცელება მოსწავლეების ჩართულობით.