პრევენციისთვის:
- დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები ;
- სიფრთხილით მოეკიდეთ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვებას, (ოჯახის წევრების სახელები, სკოლა, რომელშიც სწავლობთ, ტელეფონის ნომერი, მისამართი, იმწუთიერი ადგილსამყოფელი და სხვა);
- ტელეფონის, ტაბლეტის, აპლიკაციის, სოციალური მედიის (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, სნაპჩატი და ა.შ.) კონფიდენციალურობის პარამეტრები (Privacy Settings) დააყენეთ ისე, რომ აკონტროლოთ, ვის შეუძლია თქვენთან დაკონტაქტება, თქვენს პირად სივრცეში (კედელზე) პოსტის ან კომენტარის დატოვება ან მისი გაზიარება. ასევე ყურადღებით აირჩიეთ, ვის ანიჭებთ თქვენს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, ვიდეოებსა თუ სხვა კონტენტზე წვდომას;
- ყურადღებით მოეკიდეთ, ვის უმეგობრდებით ონლაინ. დაიმეგობრეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც პირადად იცნობთ და ენდობით;
- დაფიქრდით, სანამ რამეს დაპოსტავთ ან დააკომენტარებთ. გახსოვდეთ, ონლაინ სივრცეში არაფერი იკარგება. ერთხელ დაპოსტილი ან დატოვებული კომენტარი სამუდამოდ რჩება და ის შეიძლება, თქვენთვის არასასურველმა პიროვნებამ ნახოს;
- კიბერადევნების თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავეთ თქვენი ადგილსამყოფელის გაზიარებისგან. მოგზაურობასთან, კონცერტებთან და ა.შ. დაკავშირებული პოსტები და სურათები მოგვიანებით გააზიარეთ, უმჯობესია სახლში დაბრუნების შემდეგ. გამორთეთ ლოკაციის ფუნქცია (GPS Location Service) და ვიდეოკამერა, როდესაც მას არ იყენებთ.
რეაგირებისთვის:
- არასდროს არ გაავრცელოთ ან მოიწონოთ/დაალაიქოთ კიბერბულინგის შემცველი პოსტი, სურათი, ვიდეო, კომენტარი და ა.შ. ამით თქვენ ბულინგის შემსწრე და შესაძლოა, მონაწილეც ხდებით;
- თუ ინტერნეტსივრცეში თქვენთვის რაიმე მიუღებელს ნახავთ ან წაიკითხავთ, აუცილებლად განაცხადეთ ამის შესახებ;
- არ უპასუხოთ კიბერბულინგს. როდესაც საქმე ეხება შედარებით მსუბუქი ხასიათის კიბერბულლინგს, როგორიცაა სასაცილო სახელის შერქმევა, მსუბუქი შეურაცხყოფა, მწარე ხუმრობა, დაცინვის მარტივი მცდელობა, შეეცადეთ, უპასუხოდ დატოვოთ ასეთი გზავნილები. კიბერ-ბულინგის გამტარებლის/მოძალადის მიზანი ხომ სწორედ თქვენთვის წყენის და ემოციური ზიანის მოყენებაა. თქვენი პასუხი კი მისთვის ნიშანი იქნება, რომ მან მიზანს მიაღწია. უპასუხოდ დარჩენილი მცდელობები მოძალადეს ბულინგის გაგრძელების სურვილს უკარგავს;
- არ წაშალოთ კიბერბულინგის შემცველი მესიჯები და მათი ე.წ. სქრინშოთები შეინახეთ. მნიშვნელოვანია პოსტების, კომენტარების, მესიჯების თარიღების და თანმიმდევრობის დოკუმენტირებაც, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებას სიმართლის და დამნაშავის დადგენაში დაეხმარება, საიტის ადმინისტრაციას კი - ანგარიშის დაბლოკვაში ან სხვა სახის რეაგირებაში;
- გამოიყენეთ კონტაქტის დაბლოკვის ფუნქცია ტელეფონში, სოციალურ მედიაში თუ ე.წ. ჩათის სივრცეებში;
- განაცხადეთ პრობლემის შესახებ. სერვისს პროვაიდერებს, სოციალურ მედიას და ვებგვერდებს მსგავსი პრობლემის გაცხადებისთვის სპეციალური საკომუნიკაციო არხები აქვთ;
- კიბერბულინგის შესახებ აცნობეთ მშობელს, სკოლას, სკოლის უსაფრთხოების სამსახურს (მანდატური), პოლიციას (112).